პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემისთვის ოთხი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, 1961 წელს დაბადებულ მ.წ.-ს, 1962 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის არაერთგზის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი, ხოლო 1984 წელს დაბადებული ა.მ. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაშია ბრალდებული.
„დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ნ., მ.წ. და ი.ხ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან.
რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს – ა.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა და აღნიშნული სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა, რისთვისაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები მას სექსუალური მომსახურეობის გაწევით მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.