შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, 1972 წელს დაბადებული, ე.კ., 1994 წელს დაბადებული ქ.ბ., 1987 წელს დაბადებული ნ.დ. და 2004 წელს დაბადებული დ.ს., მოსამართლის განჩინების საფუძველზე პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული.
„დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ე.კ., რომელიც თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი იყო და ამავე ობიექტის მენეჯერები – ქ.ბ., ნ.დ. და დ.ს. გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მომსახურების მიზნით მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ.
აღნიშნული ქალები სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.