პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრამდე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, პირველი რეგისტრაციის დროს 138 დეპუტატი იყო დარბაზში, მეორე რეგისტრაციაზე კი 139, ხოლო საბოლოოდ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა.
უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.
ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე.
აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა დღეისთვის გადაიდო. გუშინ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართა და დეპუტატების კითხვებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა.
ამასთან, დღესაც და გუშინაც პარლამენტის სხდომამდე საკითხზე კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებიც შედგა. როგორც უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, გადაწყდა, რომ თავისუფალი კენჭისყრა ჩატარებულიყო.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტში 12 ნოემბერს ჩავარდა. ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.