პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ხვალიდან განიხილავს
საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტია, რომლებიც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოამზადეს. განხილვები ოპოზიციის კანონპროექტით დაიწყება.
უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.
კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.
ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს [მანდატებს] ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება.
გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე.
აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.
ასევე, დეპუტატები იმსჯელებენ ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებზეც, რომლითაც გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, თუმცა დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.