პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური შეხვედრა გაიმართა
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციის ფარგლებში, აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური შეხვედრა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტმა ჩეოლ კიუ ვანგმა გახსნეს. გენერალურ შეხვდრას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.
საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრია და ასოციაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მიზნებია: მსოფლიო პროკურორებისთვის ერთიანი პროფესიული ქცევისა და ეთიკის სტანდარტების დადგენა და ამაღლება, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გაუმჯობესება.
საქართველოს პროკურატურა 25-29 სექტემბერს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ თბილისში უმასპინძლებს.
თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.