პროკურორმა გიორგი მუჯირმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა - რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?
თქვენ რაზე უნდა ისაუბროთ იცით? რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა, აი, ამაზე ისაუბრეთ, – მიმართა საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ვერ მისცემს შესაძლებლობას ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომ ისაუბროს ტყუილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარეობს.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.