პროკურორის ინფორმაციით, თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
თემქაზე მოკლული 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ისე ამარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის თქმით, საქმეში აღნიშნული ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
„შუამგომლობით მივმართეთ საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ, ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოყენებული იქნას პატიმრობა, ვინაიდან არსებობს მისი მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები. დღეის მდგომარეობით, მოპოვებულია მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც საერთო ჯამში დასაბუთებულია და საკმარისია პირის ბრალდებისათვის. ბრალდებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. მტკიცებულებების კონკრეტიზაციას და სიღრმისეულ განხილვას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს“, – განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.
დაცვის მხარის განცხადებით ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
„ბრალს აღიარებს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. სტრატეგიას ჯერ არ გავამჟღავნებ, ვნახოთ, რას გვიჩვენებს პირველი სხდომა, გამოძიება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა თქმა უნდა, დასაცავ პირთან ერთად“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.
თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოკლულის მაზლია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.