პროკურორის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიდეომასალა არსებობს, რომელიც შესაძლოა, გასაჯაროვდეს
პროკურორის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიდეომასალა არსებობს, რომელიც შესაძლოა, გასაჯაროვდეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ასევე მის ადვოკატს აქვთ შესაძლებლობა სრულად გაეცნონ როგორც ვიდეოჩანაწერებს, ასევე საქმის მასალებს.

„ვიდეომასალები ცნობილია ოჯახის წევრებისთვის. მათ პოზიციაზე მე განმარტებას ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს, ჩვენ ისევე როგორც ამოვიღეთ ვიდეოჩანაწერები, ასევე დაკითხულია ყველა წარმომადგენელი, შესაბამისად, ამ კუთხით გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მიღებული“ ,- განაცხადა გუმბერიძემ დღეს გავრცელებულ კადრებზე საუბრისას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მედიკამენტების შეძენაა ასახული.

ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეში კიდევ არის მნიშვნელოვანი ვიდეომასალები, რაც ასევე შესაძლოა, გასაჯაროვდეს.

„საქმეზე ჩვენ გვაქვს მოპოვებული „იუთუბის“ გვერდიდან თამარ ბაჩალიაშვილის 16 ვიდეოჩანაწერი და ტელეფონიდან სამი ვიდეოჩანაწერი. ყველა ამ ჩანაწერში ასახულია თამარ ბაჩალიაშვილი. მასში დაფიქსირებული ინფორმაცია გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, სამომავლოდ შესაძლებელია, ეს ინფორმაციაც გასაჯაროვდეს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

გარდა ამისა, პროკურორი გამოეხმაურა ბაჩალიაშვილის ოჯახის და ადვოკატის განცხადებას, რომ გარდაცვლილის ორი მეხსიერების ბარათი გამოძიებამ დამალა.

დავით გუმბერიძის თქმით, საქმეში მხოლოდ ერთი მეხსიერების ბარათი დევს, ხოლო სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი კიდევ ერთ ე.წ. ფლეშკაზე, რომელიც ბაჩალიაშვილის დედამ თითქოს პოლიციაში კომპიუტერთან ერთად მიიტანა.

„სისხლის სამართლის საქმეზე ავტომანქანიდან ამოღებული გვაქვს ერთი მეხსიერების ბარათი, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ჯერ შედეგი არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა მეხსიერების ბარათს, ეს გააჟღერა ოჯახის წევრმა. მან თქვა, რომ პოლიციაში მიიტანა მეხსიერების ბარათი კომპიუტერთან ერთად, თუმცა გადამოწმდა და თეონა თამაზაშვილს მხოლოდ კომპიუტერი აქვს მიტანილი და ხელმოწერილია მის მიერ დალუქვის ოქმი. საქმეში მხოლოდ ერთი მეხსიერების ბარათი არსებობს“, -გნაცხადა პროკურორმა.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

ამასთან, პროკურატურა ასაჯაროებს ვიდეოკამერების ჩანაწერებს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მედიკამენტების შეძენაა ასახული.