პროკურორის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დედა სავარაუდოდ მეორე შვილსაც სცემდა
პროკურორ ლევან ჟორჟალაძის ინფორმაციით, ლელა ქსოვრელის კიდევ ერთი მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურორის თქმით, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ძმასაც სავარაუდოდ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რასაც ახლა გამოძიება იკვლევს.
პროკურორი აცხადებს, რომ ეს ექსპერტიზამ დაადასტურა და თუკი გამოვლინდება დედის ბრალეულობა კიდევ ერთ შვილთან დაკავშირებით, მას ახალი ბრალდება წაეყენება.
ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლელა ქსოვრელის საქმეზე დღეს პირველი არსებითი განხილვა იმართება. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ დაიწყება უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა.
პროკურორის ინფორმაციით, ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში.
„დღეს დაიწყება არსებითი განხილვა, მოგვეცემა შესაძლებლობა, შესავალი სიტყვები წარმოვადგინოთ. ამის შემდეგ იქნება მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ დავიწყებთ მოწმეების დაკითხვით, რომლებიც საკმაოდ ბევრია. საქმე ხუთი ტომია მოწმეები დაახლოებით 70. ყურადღებას გავამახვილებთ პირდაპირ ძირითად მტკიცებულებებს და იმაზე, თუ რის საფუძველზე ვაპირებთ, სასამართლო დავარწმუნოთ ლელა ქსოვრელის ბრალეულობაში. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ლელა ქსოვრელის შერაცხადობაზე ექსპერტიზა დანიშნულია“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ.
22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალა ედება 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აქამდე ამ მუხლით მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობდა და მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა.
სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს, გარდაიცვალა. გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. მას 6 იანვრის შემდეგ მცირეწლოვანთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. მცირეწლოვნის ცემის გამო, მასზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული. სწორედ დედის მხრიდან ხშირ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ მეზობლები. როგორც ირკვევა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ბავშვი სამი წლის და ექვსი თვის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იყო, ცოტა ხნის წინ კი ოჯახში დაბრუნდა.