პროკურორის განცხადებით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს
პროკურორის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სასამართლომ დანიშვნითი თანამდებობის დაკავება აუკრძალა, ნიკა მელია კი არჩეული თანამდებობის პირია.
„სასამართლომ აუკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება. აღნიშნულ შემთხვევაში, ნიკანორ მელია, როგორც პარლამენტის წევრი, არის არჩეული თანამდებობის პირი, ანუ აეკრძალა დანიშვნითი თანამდებობის დაკავება“, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, უნარჩუნდება თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი, პროკურორმა უპასუხა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
„ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. მას შემდეგ, როდესაც ჩვენ განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს გავეცნობით, როდესაც განაჩენი შევა კანონიერ ძალაში, ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ მიერ, ისე პარლამენტის მიერ მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში გამართლდა (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.
ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.