პროკურორი - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა აუდიომასალებში გაჟღერებული მუქარების შესწავლა მიმდინარეობს
აუდიომასალებში გაჟღერებულ მუქარებზე შესწავლა მიმდინარეობს, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულის ნიშნები, ყველა ის პირი, რომელიც ჩართული იქნება, პასუხს აგებს, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კადრები, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების შესახებ გავრცელდა, ოფიციალურად არის მოპოვებული.
„ეს კადრები მოპოვებულია ოფიციალურად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ამ დროისთვის მოქმედებები შეწყეტილია და არც ერთი საკანი არ ისმინება. რევაზიშვილის და ჩიტიძის სისხლის სამართლის საქმეში, არამხოლოდ აუდიოფაილები, არამედ ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. თუ რომელიმე ადვოკატს აქვს კითხვები შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, მათ აქვთ ეს ჩანაწერები და შეუძლიათ მოისმინონ. რაც შეეხება აუდიომასალებში გაჟღერებულ მუქარებს, ამ კუთხით მიმდინარეობს შესწავლა, აქ საუბარია ზ.ხ.-ს მამაზეც, თამაზ ხომასურიძეზე. თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ყველა ის პირი, რომელიც ჩართული იქნება, პასუხს აგებს. შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მიეცემა ამ საკითხს. პროკურატურა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრი მისცემს მოწმეებს იმის გარანტიას, რომ ისინი იყვნენ დაცულები, თუნდაც მსგავსი განცხადებებისგან. მიმდინარეობს მუშაობა და თუ იქნება საჭირო ყველა პირს დაენიშნება დაცვა“, – განაცხადა პროკურორმა.
მედიაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ბრალდებულები მომხდარის შესახებ საუბრობენ.