პროკურორი - მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა ნიკა მელია მიტინგზე მყოფებს ნებისმიერი გზით, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა
მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდებდა, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუგაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
როგორ ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელია მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, ასევე ბევრი ადამიანის მიერ მობილურით გადაღებულ კადრებში.
„ამ ზღვა მასალის დამუშავება მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში აღნიშნული გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება ექვს მოწმეზე საუბარს, ჩემთვის გასაკვირია, საიდან ფლობენ დეპუტატები ამ ინფორმაციას. აქ კითხვა დაისვა, რომ ადვოკატს თურმე არ აძლევენ მასალებს, მაგრამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ადვოკატი დაბარებული არის სამართალდამცავ ორგანოში. მოხდება მტკიცებულებების გადაღება, შესაბამისი ასლები მომზადდება. სისხლის სამართლის საქმე შეიცავს ძალიან ბევრ, მათ შორის ელექტრონულ ინფორმაციას, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ასლის დამზადება, რათა დაცვის მხარეს გადაეცეს. მნიშვნლოვანი გარემოებაა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს წესს, როდის უნდა მოხდეს მტკიცებულებათა გადაცემა დაცვის მხარისათვის. კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ წარდგენამდე ბრალდების მხარე ვალდებულია გადასცეს მტკიცებულებები, რომლის გამოყენებასაც აპირებს ბრალდებულის წინააღმდეგ“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, პირველი წარდგენის სხდომა ჯერ არ ყოფილა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადებები, თითქოს გამოძიება მალავს მტკიცებულებებს ან აჭიანურებს.
„მტკიცებულებათა მომზადებას, დაცვის მხარისათვის გადაცემას სჭირდება დრო. 15:00 საათზე ადვოკატს გადაეცემა ყველა მტკიცებულება რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, რაც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა დანაშაულებრივ ქმედებად, რომელიც შესაძლოა, ჩაიდინა ნიკა მელიამ. საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ არა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ის ტელევიზიების წინ გამოსვლისას, მეგაფონით მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მშვიდობიანი გზით, ხელებაწეულები, არამედ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს მოუწოდებდა, ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შესასვლელად. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება ნიკა მელიას მონაწილეობა“, – განაცხადა პროკურორმა.