პროკურორი - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არის მსუბუქი, რადგან დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი
მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არის მსუბუქი, რადგან დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი, – ამის შესახებ პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
მისი თქმით, აღნიშნულ დანაშაულში ჩართული იყო სამართალდამცველების მთელი სისტემა.
„აღნიშნული საქმის ორგანიზებას უწევდა მიხეილ სააკაშვილი და ამის მოტივი გახლდათ პირადი შურისძიება. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სააკაშვილისთვის არის მსუბუქი, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში. აღნიშნულ დანაშაულში ჩართული იყო სამართალდამცველების მთელი სისტემა, ფარული თვალთვალის, სპეცრაზმის თანამშრომლები და სწორედ ამის გამო ვასაჩივრებდით პირველი ინსტანციის სასამართლოს და ვითხოვდით სასჯელის დამძიმებას“, – განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატი სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვდა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ისაუბრა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.