პროკურორი - მიხეილ კალანდიას საქმეში არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება იყო, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა
სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, – ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხვავამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბესიკ ქვარცხავას თქმით, აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული მიხეილ კალანდია იყო თანააღმსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
„ბრალდების მიერ დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში წარმოდგენილი და უშუალოდ გამოკვლეული იქნა 150 მოწმის ჩვენება, ასევე წარმოდგენილი იქნა ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყოველივე ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.
რა თქმა უნდა, ოჯახის თუ დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, არ შევალთ ამ სიღრმეში, ეს ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იყო არაერთი როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მტკიცებულება მოცემულ საქმეზე, რომელიც სასამართლომ გაიზიარა. აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული მიხეილ კალანდია იყო თანააღმსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. განაჩენით დასტურდება, რომ ჭრილობა ბასრი საგნით მიაყენა მსჯავრდებულმა დავით სარალიძეს“, – განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.