პროკურორი - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა
პროკურორი - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა

ტრეფიკინგში ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა, ბავშვი არ გარდაცვლილა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, თეა გიორგაძემ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქმის მასალებში დევს დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარე ამ განცხადებას აკეთებს, თუმცა ამ ეტაპზე პროკურორი არ აკონკრეტებს, ეს რა დოკუმენტია.

პროკურორმა თეა გიორგაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ აღნიშნული მტკიცებულება გამოძიებამ უცხოეთიდან მოიპოვა.

მისი თქმით, სწორედ ეს ფაქტი და სხვა გარემოებები დაედო საფუძვლად იულია სუსლიაკისთვის ბრალის წარდგენას.

რაც შეეხება ადვოკატის მიერ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც იულია სუსლიაკის დამცველის, ზურაბ თოდუას, მტკიცებით, ადასტურებს რუსეთში ბავშვი გარდაცვალებას, პროკურორმა აღნიშნა, რომ ადვოკატმა სასამართლოს დასკანერებული დოკუმენტები წარმოუდგინა.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.