პროკურორი - უგულავა პროცესზე უტიფარ განცხადებებს აკეთებდა, მისი მიზანი იყო სანახაობის მოწყობა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული გიგი უგულავა უტიფარ განცხადებებს აკეთებდა და მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორც გიგი უგულავამ, ისე ყველა სხვა ბრალდებულმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის.
„დღევანდელ პროცესზე გამოცხადდა ბრალდებული გიორგი უგულავა. ეს ადამიანი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის და მათ შორის პატარკაციშვილის ოჯახის ქონების დანაშაულებრივად წართმევის ეპიზოდებში. ჩვენ ამ საქმეს ვიხილავთ არაერთი წელია, 150 მოწმე დაიკითხა ამ საქმეზე, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც დაარბიეს 7 ნოემბერს, ჟურნალისტები, რომლებიც სცემეს ტელევიზიაში, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“. ამ პროცესებს უგულავა არ ესწრებოდა, დღეს გამოცხადდა პროცესზე, აკეთებდა უტიფარ განცხადებებს, შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, შეურაცხყოფა მოგვაყენა ბრალდების მხარეს.
მისი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა, მაგრამ აქვე, როგორც ბრალდების მხარემ, მინდა, ყველა, იმ ათეულობით დაზარალებულის გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც ბრალდების მხარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც გიორგი უგულავამ, ისე ყველა სხვა ბრალდებულმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.