პროკურორი - ჩვენი პოზიცია გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან, იმედს გამოვთქვამთ, ნიკა მელია ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და იმოქმედებს სათანადოდ
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღომისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიცია იყო დასაბუთებული და გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან.
მისი თქმით, შესაბამისად, სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.
„ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული, გამომდინარეობდა კანონმდებლობიდან, შესაბამისად, სასამართლომ, როგორც ჩანს, გაიზიარა ჩვენი პოზიცია და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრალდებულის არასათანადო ქცევა, არგამოცხადება საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოსადმი უპატივცემულობა, მთელი ამ პროცესისადმი მისი არაკითლისინდისიერი დამოკიდებულება სისხლის სამართლებრივი პერსპექტივიდან გამომდინარე, გირაოს შეგნებულად არგადახდა და სხვა გარემოებები, ბუნებრივია, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა“, – აღნიშნა პროკურორმა.
რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სადრაძის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა.
„აქედან გამომდინარე, მას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. კანონმდებლობაში აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ განსხვავებით საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და იმოქმედებს სათანადოდ“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა.