პროკურორი - არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე
არსებობდა რეალური, დასაბუთებული საფუძველი, რომ ბრალდებული გამოძიებას მიემალებოდა და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუშლიდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოეყენებინა, რაც სასამართლომ გაიზიარა.
„ამასთან, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მთელი ეს არგუმენტები, რომელიც სასამართლო პროცესზე იყო გაცხადებული, სასამართლომ სრულად გაიზიარა. დაცვის მხარემაც ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და საბოლოო ჯამში, სასამართლო მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ სრულად გაიზიარა, ბრალდების პოზიციები და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა“, – განაცხადა ნადირაძემ.
მისი თქმით, არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, აუდიოჩანაწერები, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდებულმა ჩვენებები შეცვალა და შეგნებულად, გაცნობიერებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც გამოძიებას, ისევე სასამართლოს.
რაც შეეხება დ.ღ.-ს მიერ გ.მ.- ს სავარაუდო დაჭრაზე კითხვას, პროკურორი ამბობს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება აბსოლუტურად ყველა პირთან და ყველა გარემოებასთან მიმართებით.
„შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ჰიპოთეზებზე, ვარაუდებზე, რომელიც მტკიცებულების ერთობლიობათა ანალიზით არ არის დადასტურებული. როგორც კი იქნება მსგავსი ტიპის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნებისმიერი პირი, რომელიც გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, აუცილებლად მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.