სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონი ამოქმედდა
საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
გულუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მოხდა მისი სხვა პირის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლება, ასეთ ფაქტებზე, ხსენებული კანონი არ ვრცელდება.
„რა შემთხვევაში ვრცელდება ამნისტიის კანონი – ამნისტიის კანონი სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან ათავისუფლებს პირს, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე – თაღლითობის მუხლით ან/და 362-ე – ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოიპოვა საკუთრების უფლება და თუ აღნიშნული პირი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. ასევე, ამნისტია თანაბრად ვრცელდება როგორც დანაშაულის უშუალო ამსრულებელზე, ისე თანამონაწილეზე. თუ პირს სურს მასზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონით დადგენილი შეღავათი, ზიანი უნდა აანაზღაუროს 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.
რას გულისხმობს ზიანის ანაზღაურება – ზიანის ანაზღაურება გულისხმობს დანაშაულებრივად დაუფლებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყოველგვარი სამართლებრივი ვალდებულებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის დაბრუნებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში, პირზე ამნისტია გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირმა ზიანი აანაზღაურა და დანაშაული აღიარა – ზიანის ანაზღაურების მიზნით, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემთხვევაში, პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო თანხის შეტანა უნდა განხორციელდეს ხაზინის ანგარიშზე. პირის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს:
შესაბამის პროკურორს – თუ საქმე გამოძიების ეტაპზეა, ან თუ ძებნილი პირის მიმართ სამართალწარმოება დასრულებულია; შესაბამის სასამართლოს – თუ საქმე განიხილება სასამართლოში; თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ სასამართლოს – თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია. ნებისმიერ პირს უფლება აქვს უარი თქვას მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე და ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. კანონის აღსრულების პროცესი 2025 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. დაინტერსებულმა პირმა ამნისტიის კანონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლია, მიმართოს საქართველოს პროკურატურის ნებისმიერ ოფისს“, – განაცხადეს პროკურატურაში.