პროკურორი ამირან გულუაშვილი - პროკურატურა პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს ​სამართლებრივ სტატუსზე იმსჯელებს
პროკურორი ამირან გულუაშვილი - პროკურატურა პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს ​სამართლებრივ სტატუსზე იმსჯელებს

პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს მიერ დღეს სასამართლოში გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას აპირებს.

„იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე გამოკითხვაზე უარს აცხადებს, საგამოძიებო ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ ის სასამართლოში გამოიკითხოს. ამ შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა. დღეს ჩაინიშნა სხდომა და მოწმედ გამოსაკითხი პირი არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის სამართლებრივ სტატუსთან და მის მომავალში დაკითხვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება შემდგომ იმსჯელებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამით გამოძიების ინტერესებს საფრთხე ადგება და ვერ ხორციელდება ინფორმაციის დროული მიღება, რადგან მოწმე თავს არიდებს გამოცხადებას როგორც საგამოძიებო უწყებაში, ისე სასამართლოში“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიების მიზანია, ფონდ „იავნანას“ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში გამოარკვიოს, თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის მგზავრობის ხარჯები, ასევე რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები.

ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე ფონდის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.