პროკურორი მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ადვოკატის განცხადება უსაფუძვლოა
პროკურორი მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ადვოკატის განცხადება უსაფუძვლოა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორი ნიკოლოზ წულუკიძე ზ.ხ.-სა და მისი ადვოკატის განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ზ.ხ.-ს ჩვენების ჩასწორება ან რაიმე ზემოქმედება არ მომხდარა. ამის შესახებ პროკურორმა მცხეთის სასამართლოში დღეს გამართული პროცესის შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა ნიკოლოზ წულუკიძემ განმარტა, მის აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის განცხადებები დაუსაბუთებელია და შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„რაც შეეხება აცილებას, ეს საკითხი დადგა სისხლის სამართლის პროცესის წინა ეტაპზე, წინასასამართლო სხდომის განხილვის დროსაც. დაცვის მხარეს მსგავსი სახის შუამდგომლობა არ დაუყენებია და მათ განაცხადეს პროცესზე, რომ არავითარი პრეტენზია ამ თვალსაზრისით არ ჰქონდათ. რატომღაც, დღეს ასეთი შუამდგომლობა დააყენეს, რაც აშკარად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო. სასამართლომ შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა.

ეს პოზიცია, ეს მოსაზრება არ არის დასაბუთებული. მარტივად რომ გითხრათ, არ არის მართალი, გამომდინარე იქიდან, რომ დაკითხვას ესწრება კანონიერი წარმომადგენელი. ანუ, დაკითხვა, ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. შესაბამისად, რაიმე სამართლებრივ დარღვევაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ წულუკიძემ.

ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე მცხეთის სასამართლოში მორიგი სხდომა 20 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით განახლდება.