პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე, ფოთში მცხოვრები ბ.ტ. დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ტ.-მ 2018 წლის 21-24 აპრილს ქალაქ ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების თანამშრომელს შპს „სანოს” კუთვნილი ლითონის მიმღებ პუნქტში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა შესთავაზა.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 26 აპრილს, თანხის გადაცემის შემდეგ ბ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენის ადგილზე იქნა დაკავებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.