პროკურატურის წარმომადგენლები სმიტების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და საქმის მასალები გააცნეს
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი ხადას ხეობაში მოკლული რაიან მაიკლ სმიტის ნათესავებს შეხვდა. შეხვედრას საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მაიკლ გრანტი, კონსული ჯენეტ რობერტი და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მაიკლ რაიან სმიტის მშობლებმა და ძმამ მიიღეს დეტალური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, რაც ძირითადად შეეხებოდა გამოძიების პროცესს, მათ შორის ბრალდებულის გარდა, საქმეზე იკვეთება თუ არა კიდევ სხვა დამნაშავე პირი, რამდენად მალე დასრულდება საექსპერტო კვლევები.
პროკურატურის ცნობით, მაიკლ რაიან სმიტის ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, რა ფორმით შეეძლოთ საკუთარი პოზიციის და მოსაზრების დაფიქსირება სასამართლოს წინაშე. განმარტებების მიღებისა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის უფლებამონაცვლედ მისი ძმა ჩედ ოსტინ სმიტი ცნეს, ხოლო ქელებ ისმატ სმიტის უფლებამონაცვლედ მისი ბაბუა ბაირონ ლი სმიტი.
უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.