პროკურატურის თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურის თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

„საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.