პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ ორი მსჯავრდებულის ვასილ კვერნაძისა და გურამ მეფარიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებებისა და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
„საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულების ვასილ კვერნაძის და გურამ მეფარიშვილის საქმეებზე შემოტანილი საჩივრების საფუძველზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა დამატებითი ექსპერტიზა, გამოირკვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ამჟამად გამართლებულ ყოფილ სამართალდამცველს ვასილ კვერნაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, რომლის თანახმადაც მან 2009 წელს საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკის ჩატარების დროს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ წამოიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ჩატარებული ახალი გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი სრულიად ახალი გარემოებები, რომელიც გამორიცხავს ვასილ კვერნაძის ბრალეულობას“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.