საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ ლევან გორგიაშვილის (ამჟამინდელი გვარი – ტურაშვილი) საქმე გადაისინჯება, მოქალაქე სამსონ კილაძეს უკანონოდ ჩამორთმეული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
სგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია: ლევან გორგიაშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008-2009 წლებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რის გამოც უცნობი პირებისგან ხშირად იღებდა სატელეფონო მუქარებს.
„განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური პროცესებიდან მისი ჩამოცილების მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გამოგონილი ბრალდებით ლევან გორგიაშვილის დაკავება.
2009 წლის 25 აგვისტოს, ქ.თბილისში აგლაძის ქუჩაზე ავტომანქანის შესაკეთებლად მისული ლევან გორგიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, რა დროსაც მას შარვლის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ ჩაუდეს.
2009 წლის ოქტომბერში, ლევან გორგიაშვილის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მიესაჯა 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რითაც დასტურდება დაკავებულის მიმართ პოლიტიკური მოტივის არსებობის და მტკიცებულებების ხელოვნურად შეგროვების ფაქტი. აქედან გამომდინარე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროკურატურამ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე მოქალაქე სამსონ კილაძე დაზარალებულად ცნო.
„2007 წლიდან მოყოლებული სამსონ კილაძე სრულიად კანონიერად ფლობდა და განკარგავდა თბილისში, დიდი დიღომში მდებარე 2125 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს. 2009 წელს საქართველოს პროკურატურაში თითქოსდა მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსონ კილაძეს სისტემატიურად იბარებდნენ საგამოძიებო უწყებაში და დაჟინებით სთხოვდნენ საკუთრებაში არსებული 2125 კვ.მ ფართობის მიწის დათმობას სახელმწიფოს სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავებისგან მას პრობლემები შეექმნებოდა.
საბოლოოდ, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, დაზარალებულმა ხსენებული მიწის ნაკვეთი ჩუქების გზით სახელმწიფოს გადასცა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ სამსონ კილაძეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი.
„რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს მათ მიმართ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.
გარდა ამისა, პროკურატურის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ მოქალაქე კორნელი კუკულაძე გაამართლა.
პროკურატურის ცნობით, 2001 წლიდან მოყოლებული კორნელი კუკულაძე მის მიერ დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით სრულიად კანონიერად ფლობდა და განკარგავდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში არსებულ 19,5 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა პანსიონატის მშენებლობის მიზნით.
„2006 წელს, აღნიშნული ქონება ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც კორნელი კუკულაძის მიმართ დაიწყო ზეწოლა ქონების დათმობის მიზნით. იგი თაღლითობის ბრალდებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთი მოტყუებით ჰქონდა ხელში ჩაგდებული, მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სამართალდამცავების მოთხოვნით კორნელი კუკულაძემ უსასყიდლოდ დათმო მის საკუთრებაში არსებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში მდებარე ექვსი ჰა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა კორნელი კუკულაძის მიერ ქონების კანონიერად ფლობის და სამართალდამცავ ორგანოში ზეწოლის განხორციელების ფაქტები, რაზედაც მიუთითებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კორნელი კუკულაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. კორნელი კუკულაძის გარდაცვალების გამო, პროცესში მონაწილეობას იღებდა დაზარალებულის უფლებამონაცვლე – შვილი ვახტანგ კუკულაძე, რომელიც სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დაიბრუნებს უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთს”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.