პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირველ ივლისს ქუთაისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ, კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.