პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაკუთრეს ფიროსმანის ტილო „ბატკანი“ დაუბრუნდება
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ მზია შალვაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაკუთრეს დაუბრუნდება ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“.
„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.
2012 წლის 05 ივნისის განაჩენით მოქალაქე მზია შალვაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის, რომლის თანახმადაც 2008-2009 წლებში მან, როგორც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელმა, მოქალაქე დამიანე ალანიას, რომელიც ფლობდა ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს, დაუმზადა ყალბი ოფიციალური ქვითარი, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მზია შალვაშვილის სალონში შეიძინა. აღნიშნული ქმედებით მზია შალვაშვილი დაეხმარა დამიანე ალანიას მოეხდინა უკანონოდ მოპოვებული ქონების მისაკუთრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მზია შალვაშვილს განესაზღვრა ერთი წელი პირობითი მსჯავრი და საქმეზე ამოღებული ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ გადაეცა სახელმწიფოს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა მსჯავრდებულ მზია შალვაშვილის უდანაშაულობა და გამოირკვა ახალი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის წარმომავლობის კანონიერებას, რის გამოც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაკუთრეს დაუბრუნდება ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“.