რეორგანიზაციის დასრულებამდე პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს დანამატი და პრემიები უჩერდებათ
საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალ კომპონენტიანი შეფასების სისტემა.
„პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება: ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ასევე მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს.
შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც ატესტაციას, მრავალკომპონენტიან შეფასებასა და მთავარ პროკურორთან გასაუბრების ორგანიზებას უზრუნველყოფს.
რეორგანიზაციის დასრულებამდე პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებისათვის შეჩერდება დანამატებისა და პრემიების გაცემა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე რეორგანიზაცია ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ეფექტური მმართველობის შექმნას ემსახურება“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.