პროკურატურის ინფორმაციით, შეწყალების კომისიას მსჯავრდებულ ნიკოლოზ თავაძის საქმეზე უწყებისთვის არ მიუმართავს
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შეწყალების კომისიას მსჯავრდებულ ნიკოლოზ თავაძის საქმეზე უწყებისთვის არ მიუმართავს.
პროკურორის სოსო სალთხუციშვილის განცხადებით, უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებული პირის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, ამ დროს კი, ის პრეზიდენტმა შეიწყალა.
როგორც სოსო სალთხუციშვილმა განაცხადა, პირველი ინსტანციის განაჩენი მიიღეს 2017 წლის 24 მარტს და შესაბამისად, როგორც საპროცესო კანონით არის დადგენილი, განაჩენი გასაჩივრდა ერთთვიან ვადაში, 24 აპრილს.
„რაც შეეხება შეწყალებას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულის განკარგულება გამოიცა 2017 წლის 12 ოქტომბერს. საქართველოს პროკურატურისათვის არ მოუმართავს არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას და არც შეწყალების კომისიას აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად. ასეთი პრეცედენტი აქამდე არ მომხდარა. ბრალდების მხარეს მყარი არგუმენტები აქვს, რომელიც ნამდვილად ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობას“, – აცხადებს ადვოკატი სოსო სალთხუციშვილი.
ადვოკატ დათო მოდებაძის თქმით, პროკურატურას და ადვოკატს გასაჩივრების ვადები არ დაურღვევია.
„შეწყალების კომისიას მიმართა დედამ. ამ დროს უკვე მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა სასჯელის ნახევარი, კანონიერ ძალაში იყო განაჩენი შესული და კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს შეწყალების. მან შეიწყალა პირი, რომელსა ჰქონდა ნაკლებად მძიმე დანაშაული მისჯილი“, – განაცხადა დათო მოდებაძემ.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებული ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო.
საუბარია მსჯავრდებულ ნიკოლოზ თავაძეზე, რომლის საქმის განხილვაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.
პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ნიკოლოზ თავაძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გამოუტანეს განაჩენი. ბრალდების მხარე განზრახ მცდელობის მუხლით გასამართლებას ოთხოვს.