პროკურატურის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაშია ბრალდებული
პროკურატურის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრალდებულია ბიზნესდოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაში. ამის შესახებ ნათქვამია ბრალის წარდგენის დოკუმენტში, რომელიც მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ელვინ ბრეგმა გაასაჯაროვა.
კერძოდ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა დაემალა ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის 2016 წელს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა ვერ დაუშვებს, რომ ნიუ იორკში ბიზნესდოკუმენტაცია გაყალბდეს დანაშაულის დაფარვის მიზნით.
მანჰეტენის ოლქის პროკურორის, ელვინ ბრეგის განცხადებით, ტრამპის წინააღმდეგ 34 სხვადასხვა მუხლით წაყენებული ბრალი ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ 34 ყალბ განცხადებას ეხება, რომლებიც ტრამპმა დანაშაულის დასაფარად გააკეთა.
როგორც ელვინ ბრეგი ამბობს, საქმე ეხება 2016 წლის არჩევნების წინ ტრამპის ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ თანხას, რათა ამ უკანასკნელს ტრამპთან წარსული სექსუალური კავშირის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა.
პროკურორის თქმით, მოგვიანებით, ტრამპმა აღნიშნული თანხა – 130 000 დოლარი, კოენს დაუბრუნა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ადვოკატს იურიდიული მომსახურებისთვის უხდიდა, თუმცა, პროკურორის თქმით, ეს ტყუილი იყო.