პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი ესებუას დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა
საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ძებნილ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
მათივე ცნობით, ბრალდებულს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებულს 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.