პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა მკვლელობაზე ამ დროისთვის აღარავინ იძებნება
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე აცხადებს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ამ დროისთვის არავინ იძებნება.
როგორც გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება ძალიან დინამიური პროცესია და საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძებნილი პიროვნება გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია, ძალიან ბევრი ახალი მტკიცებულებები მოიპოვება ყოველ წუთიერად, ყოველ საათობრივად. შესაბამისად გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება”, – განაცხადა გოგაძემ.
კითხვაზე, იძებნება თუ არა ვინმე ხორავას ქუჩაზე მომხდარზე, გოგაძე აცხადებს, რომ არავინ არ იძებნება.
მისივე თქმით, გამოძიების პროცესში შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ ბევრი პირი, რომელიც შეიძლება გამოძიებისათვის გახდეს საინტერესო და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ძებნაზე ან დაკავებაზე.
“მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. დაკითხულია 100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს ციფრი იცვლება ყოველ საათობრივად. ყველა, ვინც საინტერესოა გამოძიებისთვის გამოიკითხება, ყველა ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება იქნება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები მოპოვებული მათ ბრალი წაეყენებათ. თუ არ არიან ისინი წარმოდგენილი სამართალდამცავ უწყებებში მათზე ძებნა გამოცხადდება”, – განაცხადა პროკურორის მოადგილემ.