პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე პ.ა. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის თვემდე პერიოდში, მოქალაქე პ.ა.-მ, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაარწმუნა, თითქოს, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დაპირდა, რომ 13 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. დაზარალებულები პ.ა.-ს მოთხოვნას დათანხმდნენ და თანხა სრულად გადაუხადეს.
„გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებული პირი აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება წარედგინება კანონით დადგენილ ვადებში და პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.
ამასთან, მთავარი პროკურატურა მოუწოდებს საზოგადოებას, მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.