პროკურატურასთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრებმა აქცია გამართეს
გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პარალელურად, „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მათ პროკურატურის შენობასთან პლასტმასის დანები მიიტანეს და ამ ფორმით გააპროტესტეს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის ირაკლი შოთაძის არსებობა.
პლასტმასის დანების მიტანის მიზეზად აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა დაასახელეს, რომლის გამოძიებაც, მათი თქმით, ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის დროს არასწორი მიმართულებით წარიმართა.
ისინი გასაუბრების პროცესს მართულს უწოდებენ და ამბობენ, რომ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევა იგეგმება.
„ყველამ იცის უკვე წინასწარ, რომ ირაკლი შოთაძე კვლავ იქნება არჩეული გენერალურ პროკურორად, რაც მიუღებელია ჩვენთვის და ვაპროტესტებთ ადამიანს, რომელიც თავად არის ბრალდებული მტკიცებულებების გაყალბებაში. ხორავას საქმეზე, რომელიც ყველაზე გახმაურებულია მისი პროკურორობის კარიერაში, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა დანებთან დაკავშირებით და ამ დანებზე დნმ-ის შესახებ საზოგადოებას. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მოვუტანეთ შოთაძეს და გენერალურ პროკურატურას დანები, როგორც სიმბოლო იმისა, რასაც აყალბებდა ეს კაცი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრმა, კონსტანტინე შუბითიძემ.