პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის, ევროპის საბჭოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს.
როგორც ნათია მერებაშვილმა განაცხადა, Bench & Bar-ის ფორმატში პროკურორებს, მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის გამართული შეხვედრის თემას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა წარმოადგენს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით ევროსასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ამ კუთხით ბევრს ვმუშაობთ პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შესაბამისად, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს თეორიისა და პრაქტიკის დახვეწას და გამოწვევებთან გამკლავებას“, – განაცხადა ნათია მერებაშვილმა.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, Bench & Bar-ის შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა გირაო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ევროპის საბჭოს კონსულტანტმა, ლევან მესხორაძემ ადგილობრივ პრაქტიკასა და სამართალში წინასასამართლო ღონისძიებების გამოყენების კუთხით გამოვლენილ მთავარ ხარვეზებზე ისაუბრა.
განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართა და მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს და მათი განხორციელების სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს კონსულტანტმა ჯერემი მაკბრაიდმა წინასასამართლო ღონისძიებების გამოყენების ჭრილში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვის მთავარი შედეგების პრეზენტაცია გამართა.
როგორც ღონისძიების დასასრულს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება, რომლის ძირითადი მიზანია სამივე იურიდიული პროფესიის დიალოგის კულტურის დამკვიდრების გზით, ერთგვაროვანი პრაქტიკის გაძლიერება. „მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება გახდეს უფრო ხარისხიანი და სანდო ჩვენი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყოს ადამიანის ინტერესებსა და მათი უფლებების დაცვაზე“, – აღნიშნა დავით ასათიანმა.
ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცრის, გიორგი გიორგაძის თქმით, საქართველოს პროკურატურაში Bench & Bar-ის ფორმატში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა აღკვეთის ღონისძიებების საკითხების განხილვას და საერთო მიდგომების შემუშავებას. „შეხვედრის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა წარადგინეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც შემდგომ საკანონმდებლო რეგულაციას საჭიროებს. გარდა ამისა, პრაქტიკის შემდგომი დახვეწის კუთხით რეკომენდაციები გაიცა“, – განაცხადა გიორგი გიორგაძემ.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა 2020 წლის ივლისში მოაწერეს ხელი.
საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობისა და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.