საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში იმყოფება.
საგამოძიებო უწყება ჯაფარიძეს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხავს, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.
ჯაფარიძის გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.