პროკურატურაში აცხადებენ, რომ როინ შავაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ როინ შავაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.
როგორც საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება, მოქალაქე როინ შავაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2008 წლის 16 აგვისტოს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც საეჭვო ვითარებაში ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე ქვეითი ბრიგადის სერჟანტი – როინ შავაძე.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხული იქნა 120-მდე პირი, დაინიშნა და ჩატარდა – ბალისტიკური, ტრასოლოგიური, სამედიცინო, გენეტიკური და გრაფიკული ექსპერტიზები.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების მიერ, მოპოვებული იქნა შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტო მასალა და სხვა არაერთი საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო უწყების მიერ დაზარალებულის უფლებამონცვლედ ცნობილი იქნა გარდაცვლილი როინ შავაძის მეუღლე – ციცინო შავაძე. ამ დროისათვის, საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე“, – განაცხადეს პროკურატურაში.