პროკურატურაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებული, რომლის საქმეც სააპელაციო სასამართლოში ჯერ ისევ განიხილება
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებული ისე შეიწყალა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საუბარია 2016 წლის მაისში მომხდარ შემთხვევაზე.
„2016 წლის 27 მაისს, პოლიციაში დაიწყო გამოძიება საქმეზე გ. უ.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 27 მაისს, ღამის საათებში, ნ. თ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა გ. უ.-ს მოკვლა და დანისმაგვარი საგნით სახის, მუცლის ღრუსა და ტანის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 2016 წლის 28 ივნისს სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ძებნილი ბრალდებული.
2017 წლის 24 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, შეიცვალა ნ. თ.-ს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი პროკურატურის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოთხოვნილია ნ. თ. – ს დამნაშავედ ცნობა მკვლელობის მცდელობაში.
საქმე ამჟამად მეორე ინსტანციაში განხილვის სტადიაზეა, თუმცა მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისაგან“, – აცხადებენ პროკურატურაში.
პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე ნ. თ.-ს გათავისუფლებას მისი ადვოკატი მაგდა კოტრიკაძეც ადასტურებს. როგორც მან პირველ არხს განუცხადა, მსჯავრდებულის შეწყალება ოჯახის მიმართვის საფუძველზე მოხდა.
„ოჯახმა მიმართა შეწყალების მოთხოვნით კომისიას, კომისიამ განიხილა საქმე და შემდეგ შეიწყალა პრეზიდენტმა ნ. თ.
საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია, ჩვენ მის სრულ გამართლებას ვითხოვთ. თავის დროზე, საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა და შეამსუბუქა მუხლი, მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, გადაკვალიფიცირება არც მოხდებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ინციდენტი დაზარალებულის მხრიდან დაიწყო, რაც მან სასმართლო პროცესზე დაადასტურა.
კიდევ ერთი ადვოკატის, დავით მოდებაძის განცხადებით, ნ. თ. ამ ფაქტზე უკვე შეწყალებულია და ბრალი რომც დაუმძიმდეს, ის სასჯელს მაინც აღარ მოიხდის.
დავით მოდებაძეც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პირველად თავს დაზარალებული დაესხა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში ერთი წელი იჯდა, ამის შემდეგ, დედამისმა მიმართა კომისიას და შეწყალების კომისიის წევრებმა ის შეიწყალეს. მან რამდენიმე თვის წინ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
ჩვენ სააპელაციოში ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვითხოვთ, რომ აუცილებელ
მოგერიებად ჩაითვალოს მისი ქმედება.
ნ. თ. ამ ფაქტზე უკვე შეწყალებულია და რომც დაუმძიმდეს ბრალი, მნიშვნელობა არ აქვს, სასჯელს ის აღარ მოიხდის“, – განაცხადა ადვოკატმა.