პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა უწყებას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გადასცა
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა უწყებას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გადასცა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა უწყებას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გადასცა.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, მოქალაქის მიერ გადაცემული მასალა გადაეგზავნა ექსპერტებს კვლევისთვის.

„მოქალაქე, რომელმაც გადმოგვცა დოკუმენტები, საკმაოდ მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა იყო მოძიებული სხვადასხვა ქვეყანაში. ეს იყო არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, რომელიც შემდეგ ექსპერტებს გადაეცა კვლევისთვის. გიდასტურებთ, რომ იყო ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს გადასცა გარკვეული დოკუმენტაცია და თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროსგან ჩვენი უწყებისადმი მომართვა და გადმოგზავნილი ინფორმაცია გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამასთან, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.