პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 60-მდე პირი, მათ შორის არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადეს, გამოძიება სწავლობს ყველა მიმართულებით შესაძლო გარემოებებს.

„სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ინტენსიურად ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ის გარემოებები, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გამოიკვეთოს, დამატებით საზოგადოებას მიეწოდება ამის შესახებ ინფორმაცია. რაც შეეხება სხვა პირთა ბრალეულობას, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია, გამოძიება არის პროცესი, მაგრამ თუ სხვა პირთა შესაძლო ბრალეულობა გამოიკვეთება, კანონის მთელი სიმკაცრით მოხდება რეაგირება. საქმეზე გამოკითხული არიან, მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. გამოკითხულია 60-მდე პირი და ბუნებრივია, მოხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც საქმეზე ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამასთან, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.