პროკურატურასა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს
საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი პირი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ექსტრადიციის მიზნით, 2023 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავებულს ბრალი აშშ-ში ტეხასის შტატში 2017-2021 წლებში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, ოჯახის წევრზე თავდასხმაში, ასევე, 2020-2021 წლებში ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და სხვა დანაშაულების ჩადენაში ედება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ძებნილ პირს 2023 წლის 1 ნოემბერს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურა განიხილავს ექსტრადიციის საკითხს და ატარებს ყველა ზომას, რათა დროულად მოხდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის წარდგენა ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების წინაშე.
ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.