პროკურატურამ ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„3 იანვარს ზუგდიდში „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, ქვეითად მოძრავ ორ მოქალაქეს შეეჯახა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.