პროკურატურა ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებული პირისთვის ბრალის დამძიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის – ვ.ბ.-ს სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმა, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ხსენებული პირი არის არა ვ.ბ., არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – მ.გ., რომელმაც ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
„2020 წლის 27 ნოემბერს, პროკურორის დადგენილების საფუძველზე გიორგი გაბუნია ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო მ.გ.-ს, სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას. პატიმრობის საერთო ვადის გათვალისწინებით, ბრალდებულ მ.გ.-ს მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე და წარიმართება სასამართლოში, ხოლო შესაძლო მკვლელობის მომზადების ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, მათ შორის ინფორმაციისა და სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით უცხო სახელმწიფოში გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.