პროკურატურამ სქესობრივი დანაშაულებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შედიოდა, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებთან, ძალის გამოყენებით ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ხოლო შემდგომ მუქარითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით აიძულებდა მათთან ხანგრძლივ სექსუალური ხასიათის ურთიერთობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან), 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება); 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება); 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება); 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ფიზიკური ძალადობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულების დადგენის მიზნით. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – აცხადებენ პროკურატურაში.