პროკურატურამ ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცა
პროკურატურამ ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი რ.ა. 2009 წელს ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„2014 წლის 20 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „თენგიზ ჩქოტუა და ელისო არქანია საქართველოს წინააღმდეგ“, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე. მითითებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების დირექტორმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო  დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის თენგიზ ჩქოტუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის თაობაზე, გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და დროულად არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა – პატიმრის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.

მიუხედავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა, მძიმე ავადმყოფს არც ადგილზე გაეწია სათანადო მკურნალობა და არც დროულად იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. დირექტორის მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობით, უკვე კომაში მყოფი პატიმარი დაგვიანებით იქნა ჰოსპიტალიზებული  სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც განვითარებული თავის ტვინის შეშუპების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  ქსნის N7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს უკვე წარედგინა ბრალდება და პროკურატურამ მიმართა სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.

საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება. გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.