პროკურატურამ ქობულეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ქობულეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

​საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თან ნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, რ. ლ. სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.