პროკურატურამ ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ გვერდებზე უნებართვო შეღწევებისა და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ექვს პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ქართველი ემიგრანტების „ფეისბუქ“ გვერდებზე უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ექვს პირს ბრალი წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, წინასწარ შეისწავლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების ფეისბუქ გვერდების შესახებ ინფორმაცია, შექმნეს არავერიფიცირებული ონლაინ-კაზინო და ტოტალიზატორების ანგარიშები, გაუწიეს მობილიზება იმ პირებს, რომლთა სახელზეც გაკეთდებოდა სწრაფი გზავნილები და დარიცხავდნენ დანაშაულებრივად მოპოვებულ თანხებს. აღნიშნული პირობების შექმნის შემდგომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს შვიდი მოქალაქის ფეისბუქ გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა 5 პირი 20 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საგამოძიებო უწყებამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ მეექვსე ბრალდებული სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა დაკავებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად და დაზარალებულ პირთა დასადგენად“, – აცხადებენ პროკურატურაში.