პროკურატურამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
თბილისის პროკურატურამ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორების მიერ დევნის შედეგად შეჩერებული იქნა ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულმა გ.ა-მ და ნ.თ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა პატრულ-ინსპექტორებს – ი.კ-ს და ზ.მ-ს.
ნ.თ-ს და გ.ა-ს მიერ განხორციელებული ქმედებით ი.კ-ს და ზ.მ-ს არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
სამართალდამცველებმა ნ.თ და გ.ა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ნ.თ-ს და გ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ.“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.