პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა.
როგორც მთავარი პროკურატურიდან პირველ არხს აცნობეს, ანგელა ვასილენკო სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ გამოიკითხება.
ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა.
მანამდე, ანგელა ვასილენკოს საგამოძიებო ორგანოსთვის გამგზავრების დამადასტურებელი ბილეთები არ წარუდგენია.
ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე პროკურატურამ მოწმის სახით გამოსაკითხად რამდენჯერმე დაიბარა, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არც ერთხელ გამოცხადებულა.
3 ოქტომბერს, საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.
მთავარ პროკურატურაში გამოძიება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს. ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხებით ფინანსდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურება და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.
ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ მისთვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარს შეადგენს.